Sunday, May 13, 2012

როგორ შევარჩიოთ ჯინსი

როგორ შევარჩიოთ ჯინსი




დიზაინერების აზრით, არ არსებობს ქალი, რომელსაც ჯინსი არ უხდება. უბრალოდ, სწორად უნდა შეარჩიოთ ფასონი. ოდესღაც მუშათა ეს შარვალი დღეს საუკეთესო საშუალებაა ქალურობის წარმოსაჩენად. 


მაღალი ქალბატონებისთვის
ჯინსი-კაპრი, სავარაუდოდ, მაღალმა მოდელებმა გამოიგონეს, რომლებსაც სტანდარტული სიგრძის შარვალი მოკლე მოუვიდათ და ეს რომ შესამჩნევი არ ყოფილიყო, შარვლის ტოტები აიკეცეს. თუ თქვენ მაღალი, თხელი ქალბატონი ბრძანდებით და მოხდენილი ფეხები გაქვთ, ჯინსი-კაპრი სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ.


გახსოვდეთ, ჯინსი-კაპრი ვიზუალურად ამოკლებს ფეხს. ამიტომ ის ღია ფეხსაცმელსა და მაღალქუსლიან ჩექმასთან ერთად უნდა ჩაიცვათ.


მინიატურულ გოგონებს ჩვეულებრივი შარვლის მსგავსი ჯინსი მოუხდებათ. ასეთი მოდელი ვიზუალურად აგრძელებს სილუეტს. ჯინსს, ჩვეულებრივი შარვლის მსგავსად, შეიძლება ეგრეთ წოდებული ისრებიც ჰქონდეს. 


გეზარებათ ისრების დაუთოება? არსებობს მოდელები იმიტირებული ისრებით. ასეთი ჯინსის შარვლის ჩაცმა ოფისშიც შეიძლება და წვეულებაზეც.


სავსე თეძოებს დაბალწელიანი ჯინსი შეგინიღბავთ. საერთოდ, ასეთ მოდელს ბევრი ნაკლის დაფარვა შეუძლია. მაგალითად, ცოტა მოზრდილი მუცელი უფრო ბუნებრივი და ნაკლებად თვალშისაცემი იქნება, თუ წელზე მოჭერილ შარვალს არ ჩაიცვამთ, თუმცა არც დაბალწელიანი შარვლის ზემოდან ამოჩრილი მუცელია სასიამოვნო შესახედავი. ამიტომ დაბალწელიანი ჯინსის შერჩევისას სიფრთხილე გმართებთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ.


გამხდარ გოგონებს თამამად შეუძლიათ სხვადასხვა დიზაინის ჯინსის შერჩევა. ყველა ახალი ტენდენცია თქვენთვისაა ზედგამოჭრილი - დაკერებული ჯიბეები, ბრჭყვიალები, აპლიკაციები, ქამრები, თასმები, ბაფთები, ნახატები.


ხორცსავსე ქალბატონები კი ამგვარ სამშვენისებს უნდა მოერიდონ. დამატებითი დეტალები ვიზუალურად ადიდებს ფიგურას.


სქელი ფეხების დაფარვა ფართო ჯინსით შეიძლება. ასეთი მოდელი ვიზუალურად აგრძელებს კიდეც ფეხებს მაშინაც კი, თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ გაცვიათ. თუმცა ეს ერთადერთი ვარიანტი არ გახლავთ. შეგიძლიათ, ვერტიკალურად გახეხილი ჯინსიც შეარჩიოთ, რადგან ვიზუალურად ისიც აგრძელებს ფეხს.


სავსე კოჭების მქონე გოგონებმა "კლოში" ჯინსი უნდა შეარჩიონ. თუ ფუმფულა თეძოები გაქვთ, ასეთი მოდელი კიდევ უფრო ფუმფულას გამოაჩენს მას.

No comments:

Post a Comment